Sensitive Creatures

fullDatetime-to-read.short-label

3 შეცდომა, რომელსაც (თითქმის) ყველა ახალბედა ძაღლის პატრონი უშვებს

ამ სტატიის მიზანი არ არის ვინმეს დამუნათება. გვჯერა, რომ ყველა პატრონს საუკეთესო სურს თავისი ძაღლისთვის, მაგრამ ძაღლის „აღზრდის“ ყველაზე ფუნდამენტური ასპექტები ხშირად ეწინააღმდეგება ჩვენს ინსტინქტებსა და ინტუიციას. ამიტომაც, საჭიროა კარგად გავერკვეთ მათში, რომ უნებლიედ არ დავაზიანოთ ჩვენი ლეკვის ფსიქიკა. ყველა ეს ასპექტი კარგად არის ვეტერინარების, ზოოფსიქოლოგებისა და მკვლევარების მიერ შესწავლილი და ეფუძნება სამეცნიერო ნაშრომებსა და კლინიკურ კვლევებს.

#1. ორ თვემდე ლეკვის აყვანა ან ყიდვა

ძაღლის ემოციურ განვითარებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს დედა. აუცილებელია, ლეკვები 8 კვირამდე მაინც დედასთან დარჩნენ. ის ასწავლის მათ სწორ კომუნიკაციას, საკუთარი თავის კონტროლს, იერარქიასა და ბევრ სხვა საჭირო უნარს, რომელიც მომავალში პატრონებს საგრძნობლად უადვილებთ ძაღლის „აღზრდას“.

ლეკვებს, რომლებიც დროზე ადრე ტოვებენ დედას, ხშირად აქვთ "ჰიპერაქტიული" ან "ჰიპერსენსიტიური" ქცევა, შფოთვა და უჭირთ სხვა ძაღლებთან კომუნიკაცია.

ბევრ ქვეყანაში კანონით აკრძალულია 8 კვირამდე ლეკვების გაყიდვა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ნორვეგიაში.

აუცილებელია, დედა ძაღლი კარგ პირობებში იზრდებოდეს და ემოციურად ჯანსაღი იყოს. მნახველებს უნდა შეეძლოთ დედის თანდასწრებით ლეკვებთან თამაში. ის არ უნდა იყოს აგრესიული ან მშიშარა. ამას გარდა, ის არ უნდა აჩენდეს ლეკვებს ყოველ წელიწადს და პირველი ორსულობისას არ უნდა იყოს ასაკით 18 თვესა ან 30 თვეზე პატარა (გააჩნია ჯიშს).

თავის მხრივ, ადამიანმაც უნდა შეიტანოს წვლილი ლეკვების განვითარებაში. დაუშვებელია მათი გამოკეტვა ერთ ადგილას. დაახლოებით 3-4-კვირიდან ლეკვებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი სივრცე, რათა შეძლონ უსაფრთხო გარემოში ერთმანეთთან თამაში, ბუნებაში გასვლა (საკუთარი სახლის ბაღსა თუ ეზოში), ადამიანებთან თამაში, ხმაურის გაგონება და სხვა.

თუ ლეკვის ყიდვას აპირებთ, მოძებნეთ მომშენებელი, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს. ეს ნიშნავს დედისთვის და ლეკვებისთვის კარგი პირობების შექმნას, ლეკვების დედასთან 8 კვირამდე დატოვებას და მომავალ პატრონებთან გასაუბრებას მათ მოტივაციაზე, გამოცდილებასა და ცხოვრების წესზე. მომავალმა პატრონებმა მომშენებლისგან ასევე უნდა მიიღონ რჩევები მოვლასა და აღზრდასთან დაკავშირებით და ოფიციალური საბუთები (ლეკვის პასპორტი, დაბადების მოწმობა, ჭიებზე დამუშავების და პირველი ვაქცინების დამადასტურებელი მოწმობა).

თუ ძაღლს აიყვანთ თავშესაფრიდან, წესით 8 კვირამდე ლეკვს არ გაგატანენ. სერიოზული თავშესაფარი დეტალურად გამოგკითხავთ თქვენს მოტივაციასა და ცხოვრების წესზე. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და რჩევა მიიღოთ მათგან. (გაეცანით თბილისში არსებულ ძაღლთა თავშესაფარს: DOG - Dog Organization Georgia.)

თუ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ - იპოვეთ ან გაჩუქეს ლეკვი, რომელიც დროზე ადრე მოაშორეს დედას, მაშინვე მიიყვანეთ ვეტერინართან, რათა მიიღოთ სპეციფიური რჩევები მის კვებასა და მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეცადეთ, რაც შეიძლება ადრე შეახვედროთ სხვა ძაღლებსა და ლეკვებს, რომ ისწავლოს მათგან სწორი კომუნიკაცია. გამოიჩინეთ ნებისყოფა და სიმშვიდე ლეკვთან ურთიერთობისას.

#2. ლეკვის სახლში იზოლაცია

4-დან 16 კვირამდე არის კრიტიკული პერიოდი ლეკვებისთვის. სწორედ ამ პერიოდში უყალიბდებათ პირველი წარმოდგენა სამყაროზე და აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება დააგროვონ, რათა იყვნენ ემოციურად გაწონასწორებული და ადვილად შეძლონ ცვლილებებთან შეგუება.

თუ ლეკვი ამ პერიოდში სახლიდან არ გავიყვანეთ, დიდი ალბათობით, ჩამოუყალიბდება შიში ძაღლების, უცხო ადამიანების, ქუჩის, ხმაურის მიმართ. ზოგადად, გაუჭირდება მისთვის აქამდე არნახულ, უცხო რამესთან ადვილად შეგუება და ცნობისმოყვარეობის ნაცვლად შიშით შეხვდება მას.

ჯონ ბრადშო, ანთროზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ბრისტოლის უნივერსიტეტში თავის წიგნში, “Dog Sense: How the New Science of Dog Behavior Can Make You a Better Friend to Your Pet”, წერს კვლევებზე, რომელთა მიხედვით ლეკვები, რომლებიც კრიტიკულ პერიოდში ეჩვევიან, მაგალითად, ფეიერვერკების ხმას, მომავალში რეაქცია არ აქვთ ამ და მსგავს ხმებზე. მაგრამ იმ ლეკვებს, რომლებსაც ძლიერი ხმაური პირველად 16 კვირის შემდეგ ესმით, დიდი ალბათობით, უვითარდებათ შიში და უარეს შემთხვევაში - ფობია.

რადგან ლეკვებს აცრების სერია 12 კვირამდე არ აქვთ დასრულებული, პატრონები ფიქრობენ, რომ ლეკვის გარეთ გაყვანა საშიშია. რეალურად, მხოლოდ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო: აცრების დასრულებამდე ლეკვმა არ უნდა უსუნოს სხვა ძაღლების მოსაქმებულს და იურთიერთოს მხოლოდ ვაქცინირებულ და ჯანმრთელ ძაღლებთან.

საფრანგეთის ვეტერინარ-ზოოფსიქიატრთა ასოციაციის გვერდზე ვკითხულობთ:

„ლეკვს დაბადებიდან იცავს დედის მიერ გადაცემული ანტისხეულები. რამდენიმე კვირის ასაკში მას უკვე უკეთებენ ვაქცინებს, რომლებიც ეხმარება იმუნიტეტის განვითარებაში. შემდეგ ამ ვაქცინების გამეორება ხდება იმისთვის, რომ მისი იმუნიტეტი უფრო ხანგრძლივი იყოს, მაგრამ ის უკვე არის დაცული. თქვენ შეგიძლიათ მისი გაყვანა სუფთა ადგილებში, სადაც ის შეხვდება ჯანმრთელ ძაღლებს. ასე თქვენ მის ჯანმრთელობას საფრთხეს აღარ შეუქმნით.“

კიდევ უფრო საგულისხმოა ასოციაციის შემდეგი გაფრთხილება:

„დაავადებების გადადების რისკი რეალურად დაბალია, მაგრამ ამის შიშით ლეკვის გარეთ არ გაყვანა ბევრად უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მისი განვითარებისთვის. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მას გაწონასწორებულ და ადვილად ადაპტირებად ძაღლად ჩამოყალიბებაში. ზედმეტად ბევრი ძაღლი, რომლებიც პატარაობაში არ არიან საკმარისად სოციალიზებული და შემდეგ ზრდასრულობაშიც ჩაკეტილები არიან, ხდებიან აგრესიულები და ვერ ერგებიან თავიანთ გარემოს. საშუალოვადიან პერსპექტივაში, ასეთი ძაღლების ხვედრი მიტოვება ან, უარეს შემთხვევაში, ევთანაზიაა. ასე რომ, სასწორზე თქვენი ძაღლის ბედია!“

თუ თქვენი ლეკვი 16-კვირაზე მეტისაა და აქამდე არ გაგიყვანიათ გარეთ, არ ინერვიულოთ, შეგიძლიათ ახლავე სცადოთ და ნელნელა მიაჩვიოთ. ამ შემთხვევაში გამოგადგებათ ქვემოთ მოცემული #რჩევები, თუ როგორ მოვიქცეთ, როცა ლეკვს ეშინია.

თუ ლეკვი ახლახანს მოიყვანეთ სახლში

🦠პანდემიის პირობებში ძალიან რთულია, მაგრამ რამდენადაც შეძლებთ, წაიყვანეთ თქვენი ლეკვი ყველგან: არამარტო პარკსა და ბუნებაში, არამედ მეტროში, ვიწრო ქუჩებში, ხმაურიან ადგილებშიც. შეახვედრეთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანსა და ძაღლს.

ასევე, მიაჩვიეთ შეხებას: ყურებზე, თათებზე, კბილებზე. გაითვალისწინეთ, რომ ეს უნდა გააკეთოთ ნელნელა და პოზიტიურად. თუ ხედავთ, რომ ლეკვს არ სიამოვნებს ან ეშინია, სცადეთ მეორე დღეს და მოიმარაგეთ სასუსნავი.

🥎 ეთამაშეთ, რაც შეიძლება ბევრი, რადგან ასე მოიპოვებთ მის ნდობას და ჩამოიყალიბებთ ურთიერთობას. თამაშისას ხშირად "მოაგებინეთ" და შეაქეთ. ეს დაეხმარება, ჰქონდეს მეტი მოტივაცია და, რაც მთავარია, იყოს თავის თავში უფრო დარწმუნებული. თავის თავში დარწმუნებული ძაღლი კი, ყველაზე გაწონასწორებულია. ხშირად სწორედ შიში არის აგრესიის საფუძველი.

🙏ეცადეთ, ამ პერიოდში ლეკვს ბევრი დადებითი გამოცდილება დაუგროვდეს. მაგრამ ისიც ნორმალურია, რომ რაიმე უარყოფითიც შეემთხვეს ან შეეშინდეს. ამ დროს მთავარია, თქვენ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აგრძნობინოთ, რომ რაიმე მართლაც საშიში გადახდა თავს.

#3 ლეკვის ხშირად ხელში აყვანა და ზედმეტი ალერსი, როცა მას ეშინია (ან როცა ჩვენ გვეშინია?)

იმისათვის, რომ გავზარდოთ ემოციურად ჯანსაღი და გაწონასწორებული ძაღლი, აუცილებელია ვასწავლოთ, როგორ გაუმკლავდეს თავად შიშს. ძალიან ბუნებრივი რეაქციაა, დავაწყნაროთ და მოვეფეროთ ლეკვს, როცა იგი შეშინებულია, თუმცა... ისიც უნდა გავიაზროთ, სამწუხაროდ, ზედმეტი მოფერებით მას ვუდასტურებთ, რომ მის თავს მართლაც საშიში რამ ხდება და, შესაბამისად, მომავალშიც უფრო იოლად შეუშინდება ცხოვრებას. როცა ლეკვს ეშინია, ჯობს პირველ რიგში ჩვენ თვითონ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და კარგად დავაკვირდეთ სიტუაციას.

1. თუკი ლეკვს ეშინია უცხო ძაღლის, მაგრამ ჩვენ ვხვდებით, რომ ის არაფერს დაუშავებს მას, შეეცადეთ თქვენს ლეკვს დიდად ყურადღება არ მიაქციოთ და ყველანაირად გამოხატეთ სიმშვიდე. თუ თქვენთან ახლოს მოიკალათა, ფრთხილად გადადგით ფეხი, რომ განზე დარჩეს. ცოტა ხანში ნახავთ, რომ თვითონაც დაწყნარდება, რადგან თქვენი რეაქციიდან გამომდინარე მიხვდება, რომ საშიში არაფერია.

ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ძაღლის დანახვისას, თქვენ თვითონ არ გამოხატოთ შიში, საბელის მოჭერით, უეცარი მოძრაობით, ერთ ადგილზე უცაბედად გაჩერებით ან ყვირილით. რაც მთავარია, ხელში არ აიყვანოთ თქვენი ლეკვი სხვა ძაღლის დანახვისას, თორემ ამით მას ასწავლით, რომ ყველა ძაღლი წარმოადგენს ძალიან დიდ საფრთხეს და მომავალში თქვენი ძაღლი უცხო ძაღლს მაშინვე ყეფა-ღრენით შეხვდება.


 
გააჩნია სიტუაციას და თქვენი ლეკვის ხასიათს, მაგრამ არ შეგეშინდეთ, თუ უფროსმა ძაღლმა თქვენს ლეკვს ცოტა დაუღრინა. ხშირად ისინი ამით მათ ჭკუასა და სწორ კომუნიკაციას ასწავლიან. მნიშვნელოვანია, მაგ მომენტში დიდად არ ჩაერიოთ ან დააწყნაროთ თქვენი ლეკვი. გახსოვდეთ, ძალიან იშვიათია, რომ უფროსმა ძაღლმა ან ძაღლების ხროვამ ლეკვს რამე დაუშაოს. როგორც წესი, მხოლოდ დასუნვით შემოიფარგლებიან. თუ დაძაბული სიტუაცია შეიქმნა, მაინც მშვიდად გაცლა სჯობს ისე, რომ თქვენს ძაღლს დიდად არ აგრძნობინოთ თქვენი ნერვიულობა.

2. თუ ლეკვს შორიდან დანახული ადამიანის შეეშინდა და დაუყეფს, მშვიდად უთხარით: „დაანებე თავი“! შეჩერდით ერთ ადგილას ან წადით საპირისპირო მხარეს, რომ გამოგყვეთ და მოვა თუ არა, შეაქეთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, კარგი იქნება იმ ადამიანს ჰკითხოთ, თუ შეიძლება ახლოს მისვლა და "გამარჯობის" თქმა. ახლოს მისვლისას, ლეკვს მხიარულად და მშვიდად დაელაპარაკეთ და ადამიანს სთხოვეთ ხელი გაუწოდოს მას, მაგრამ არ გააკეთოს უეცარი მოძრაობა. ხელს რომ დასუნავს, შეაქეთ და შემდეგ გააგრძელეთ სეირნობა.

მნიშვნელოვანია, ლეკვი პატარაობიდანვე ბევრ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანს შეხვდეს, რათა მომავალში არ ჰქონდეს შიში არავის მიმართ (მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ხმარობენ ქუდს, სათვალეს ან ჯოხს, აქვთ ბოხი ხმა და ა.შ...)

3. თუ ლეკვს ეშინია მანქანის, ველოსიპედის და ა.შ., დაამშვიდეთ თქვენი ხმით და დაუწყეთ ყურება იმას, რისიც ეშინია. თუ დაჯდა თავისით, შეაქეთ და მიეცით საშუალება თვითონაც დააკვირდეს და დაწყნარდეს. თუ ყეფს ან კანკალებს, მაშინ უნდა გაარკვიოთ რა მანძილზე შუძლია წყნარად ყოფნა. მაგ მანძილს რომ გაარკვევთ, სცადეთ შემდეგი: დაინახავთ თუ არა თქვენკენ მომავალ შიშის გამომწვევ საგანს, ყურადღება გაუფანტეთ სასუნავით ან სათამაშოთი, მაგრამ ჯერ არ მისცეთ. დაელოდეთ, რომ მანქანამ თუ სხვამ გვერდით ჩაგიაროთ და მხოლოდ მას შემდეგ (მაგრამ მაშინვე) მიეცით და თან შეაქეთ. ეს უნდა გაიმეოროთ ბევრჯერ და ნელნელა შეამციროთ მანძილი. დროთა განმავლობაში, ნაკლები რეაქცია ექნება. არ დანებდეთ!
 

 
თუ ლეკვი ვერ დაწყნარდა ან/და მართლაც საშიში სიტუაცია შეიქმნა, მშვიდად გაეცალეთ შიშის გამომწვევ საგანს და შემდეგ სხვა რამეზე გადაატანინეთ ყურადღება ან დაელაპარაკეთ ან წაეთამაშეთ. მომავალში შეგიძლიათ ეტაპობრივად სცადოთ შიშის დამარცხების სხვადასხვა მეთოდები. ამას დრო და მოთმინება დასჭირდება, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს.

თუ გსურთ შეიტყოთ მეტი, ძაღლების „აღზრდასთან“ დაკავშირებით,

გამოიწერეთ გვერდი ინსტაგრამზე @SensitiveCreatures_

    4410
    2