Ringo

fullDatetime-to-read.short-label

DOG - ძაღლებზე მზრუნველი ორგანიზაცია საქართველოში

post.update-date

''ერის სიდიადე და მისი ზნეობრივი პროგრესი ცხოველებზე დაკვირვებითაც ფასდება" - მაჰათმა განდი

ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, სტატისტიკისა და ციფრების მოხმობა სულაც არაა საჭირო იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ თუ რამდენი უპატრონო და უსახლკარო ძაღლი ცხოვრობს ჩვენი ქალაქის ქუჩებში. ძაღლები დიდ წილად დამოკიდებულნი არიან ჩვენზე - ადამიანებზე, რომ მათ საკვები, წყალი, ვეტერინარული პროცედურები და სითბო მიიღონ. როცა ისინი ყოველდღიურ საჭიროებებს ვერ იღებენ, მათ თავად უწევთ საკვებზე და თავშესაფარზე ზრუნვა. ავტო-საგზაო შემთხვევების, სიცივის, შიმშილისა და სხვადასხვა დაავადებისგან, ძაღლები ქუჩაში ხშირად იღუპებიან. ბევრს გამვლელები უშლიან ამა თუ იმ ადგილზე გაჩერებას, ქვებს უშენენ და სისასტიკით კლავენ. ხშირია ახალდაბადებული, უუნარო ლეკვების ნაგავსაყრელებზე დატოვებაც, რაც სამწუხარო რეალობაა ჩვენს ქვეყანაში. პრობლემა საკმაოდ მტკივნეული და კომპლექსურია, განსაკუთრებით როცა ვხედავთ, თუ რა რაოდენობის ძაღლებს ყიდულობენ და ყიდიან მაშინ, როდესაც ამდენი ძაღლი უპატრონოდ დადის ჩვენი ქალაქის ქუჩებში.

სხვადასხვა ფილმისა თუ მოდის შთაგონებით შეძენილი ძაღლი მალევე გაუგდიათ ქუჩაში ან უპატრონო სახლში ჩაუბარებიათ, გარდა პოპულარული ჰასკის ჯიშისა, დიდია მინიატურული ძაღლების ე.წ ჩანთის ძაღლების შეძენის მსურველთა რიცხვიც, რაც ცხადჰყოფს, რომ ძაღლის გარეგნული ნიშნით და დაუფიქრებლად შერჩევა პრობლემის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია.

ძაღლების დასახმარებლად და რიგი პრობლემების გადასაჭრელად უამრავი არასამთავრობო ქართული თუ საერთაშორისო ორგანიზაცია დაფუძნდა. სოციალურ ქსელებში, ხშირად გვხვდება უსახლკარო ძაღლების პრობლემებზე, მათ ყოველდღიურობასა და საჭიროებებზე მიძღვნილი პოსტებიც. და მაინც, კონკრეტულად როგორ შეგვიძლია მათი დახმარება?

Dog Organization Georgia · ძაღლების ორგანიზაცია საქართველო წლებია ამ საკითხით არის დაინტერესებული და მუდმივად პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზების ძიებაშია. მათი მისია უპატრონო ძაღლების რაოდენობის შემცირება, მათთვის პატრონების მოძებნა, დაბინავება და ზოგადად, ცხოველების კეთილდღეობაზე ზრუნვაა.

2008 წელს საქართველოში ჩამოსული ჰოლანდიელი ბიზნესმენი ივო ბაქაიზენი შეშფოთებული იყო ქვეყანაში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობით, ხედავდა მათ მანქანების გვერდით მოსიარულეებს და ხვდებოდა რომ საჭირო იყო მოქმედება. გარკვეული თანხის შეგროვებისა და უამრავი დაბრკოლების შემდეგ, 2011 წელს DOG - მა ძაღლების პირველი თავშესაფარი გახსნა. მალე ორგანიზაციას ფიონა ქოქშელი შეუერთდა, რომელმაც ხელში თავშესაფრის მართვის სადავეები აიღო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანხის შეგროვებაშიც და 2013 წელს DOG -ის დირექტორიც გახდა. მისი მმართველობის პერიოდში ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი თანამშრომლობა დაიწყო Mayhew International-თან, რომელიც საჭირო თანხით დაეხმარა DOG-ს, რათა ძაღლების ვაქცინაცია წარმატებით განხორციელებულიყო. პროგრამის ფარგლებში, ვაქცინაციისა და სტერილიზაციის პროცედურა 1000-ზე მეტ ძაღლს ჩაუტარდა. ფიონას დახმარებით ორგანიზაციას განვითარება, გაფართოვება და თანხის მოძიება არ შეუწყვიტავს. 2016 წელს ქოქშელმა საქართველო დატოვა და მართვის უფლება მაიტე ინიესტა ორტისს და სარა ანა მოძმანაშვილ-კემეცეის გადასცა, რომლებიც დღემდე წარმატებით უძღვებიან დაწყებულ საქმეს. სარა-ანასაც და მაიტესაც ბავშვობიდან უყვარდათ ძაღლები, მათ საშუალება მიეცათ თავისი ყოველდღიურობა და ძაღლებზე ზრუნვა საქმედ ექციათ და უფრო მასშტაბური გაეხადათ.

DOG-ის მეშვეობით 400-ზე მეტმა ძაღლმა იპოვა მოსიყვარულე პატრონი და სახლი. სარა და მაიტე რეგულარულად სტუმრობენ ოჯახებს, რომ დარწმუნდნენ ძაღლები საიმედო ხელში არიან. ისინი გაშვილების შემდეგაც განაგრძობენ ოთხფეხა არსებებზე ზრუნვას, პატრონებს საჭირო რჩევებს აძლევენ და ძაღლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაშიც ეხმარებიან. თავშესაფარში ძაღლების რაოდენობა 35-დან 42-მდე მერყეობს, ნაწილი მიბარებულია დროებით აღმზრდელებს.

DOG-ს უამრავი მოხალისე და კეთილის მსურველი ეხმარება მიზნების მიღწევაში. მრავალწლიანმა გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ გამოსავლის მოძებნა ყოველთვის შეიძლება და თითოეულ ადამიანს შეუძლია ცვლილების მოხდენა უკეთესი, უსაფრთხო მომავლისთვის.

ყველა ცხოველი იმსახურებს მოსიყვარულე პატრონსა და მუდმივ სახლს.

როცა ძაღლის ყიდვას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით და გახსოვდეთ, რომ უამრავი უპატრონო ძაღლის აყვანა შეგიძლიათ, ეცადეთ სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდეთ. მანამდე კი თქვენს თავს ჰკითხეთ, ხართ თუ არა მზად ოჯახის ახალი წევრის შესაძენად. ცხოველის მოვლა ხომ უდიდესი პასუხისმგებლობაა.

    1350
    0