პატრონის გარდა ძაღლებს უამრავი მეგობარი ჰყავთ, ერთ-ერთი ახლო მეგობარი მათი პირადი ექიმი - ვეტერინარია. ყველაზე კარგად სწორედ ვეტერინარებმა იციან რა აწუხებთ ძაღლებს. გენაც მათი გამორჩეული და საყვარელი მეგობარია, ის ბევრი წელი მკურნალობდა რინგოს და დღესაც განაგრძობს ოთხფეხა არსებების მოვლას. ჩვენ გთავაზობთ მასთან ჩაწერილ ინტერვიუს, ექსკლუზიურად რინგოს ბლოგისთვის.
- რატომ და როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ვეტერინარი ?
აქ მხოლოდ ფროიდი დაგვეხმარება თავისი ფსიქოანალიზით. რაც ჩემი თავი მახსოვს, სულ ორი რაღაც მიყვარდა - ცხოველები და შპრიცები. ძალიან ადრე, როდესაც შპრიცები იყო არა პლასტმასის, არამედ მინის, დედაჩემი მიმალავდა ხოლმე, იმიტომ რომ კრიტიკულ მომენტში შეიძლება დასჭირვებოდა და მე რომ ამეღო, გავაფუჭებდი... მაგრამ! მე შესაშური რეგულარობით ვაგნებდი მათ, ვავსებდი წყლით და მოხიბლული თვალს ვადევნებდი, თუ როგორ ტოვებდა დგუშის წნევის მოქმედებით წყალი შპრიცს, წვრილი ნაკადით. ამ ორობითი სისტემის მეორე კომპონენტი - ცხოველებია, ყველა, გამონაკლისის გარეშე. როდესაც პიონერთა ბანაკში პირველად გამიშვეს, რვა წლის ვიყავი. სანამ დანარჩენი ბავშვები სიმღერებს სწავლობდნენ, მე დიდი ენთუზიაზმით კალიებს ვიჭერდი. ბოლოს ჩემს მშობლებს უთხრეს, რომ მე არასწორი ბავშვი და ცუდი პიონერი ვარ. სწორედ ამ ორმა "გატაცებამ" მოახდინა გავლენა ჩემი მომავალი გზის არჩევაზე.
- რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს სამუშაოში ?
ყველაზე მეტად ჯადოქრობა მომწონს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც მძიმედ დაავადებული პაციენტი ჩემს თვალწინ ჯანმრთელდება. მახსოვს, როდესაც ჩვენი ზოოპარკის უფროსი ვეტერინარი ვიყავი, 1987 - 1990 წლებში მომიყვანეს ძაღლი, მშობიარობის შემდგომი ეკლამფსიით. საშინელი სანახავია, როდესაც ძაღლს კრუნჩხვები აქვს, შიშისგან გაფართოვებული თვალებით გიყურებს, გრძნობ, რომ სუნთქვა არ შეუძლია. ამ მდგომარეობას სწრაფად ხსნის კალციუმის ქლორიდის ინტრავენური ინექცია, რომელიც მაშინვე გავუკეთე. ნემსი ჯერ კიდევ ვენაში იყო როდესაც ძაღლი დაწყნარდა და უკეთ იგრძნო თავი.
სიმართლე გითხრათ, სასიამოვნო შეგრძნება იყო როდესაც ძაღლის პატრონი ისე მიყურებდა თითქოს სასწაულმოქმედი ვიყავი. ზუსტად ასეთი მომენტების გულისთვის ღირს ცხოვრება და მუშაობა.
- როგორია გენას ერთი ჩვეულებრივი დღე ?
ჩემი ჩვეულებრივი დღე არც თუ ისე საინტერესოა. მე უკვე ხანდაზმული ადამიანი ვარ და ვიღვიძებ ადრე, ასე 6 - 7 საათზე. ვეცნობი ახალ ამბებს სოციალუ ქსელში და ვწერ სარკასტულ კომენტარებს. ამაზე მიდის სადღაც 14 წუთი. შემდეგ რიგრიგობით ვასეირნებ ძაღლებს. სახლში ხუთი ძაღლი გვყავს. ვსაუზმობ. ბოლო ხუთი წელი ეს აუცილებელი პროცედურაა, (ექიმებმა მაიძულეს), შემდეგ მე და ჩემი მეუღლე სამსახურში მივდივართ. პატარა ოჯახური ვეტერინარული კაბინეტი გვაქვს, სადაც ვიღებთ პაციენტებს, ძირითადად ეს რუტინული პროცესია, მაგრამ, საინტერესო შემთხვევებიც ხდება. მიღების დამთავრებისთანავე მივდივართ გამოძახებებზე ან პროდუქტების საყიდლად. ჩვენც ცოცხალი ადამიანები ვართ და ჭამა გვინდა. შემდეგ სახლში. სადილის შემდეგ ერთ გატაცებას (ცხოველების მკურნალობა) მეორეთი (გიტარების კეთება) ვცვლი. ბავშვებთან ვახშამი ასრულებს ჩემს დღეს. ყველაფერი საკმაოდ ბანალურია.
- რა სახის სირთულეები ახლავს თქვენს საქმიანობას ?
სირთულეები... მთავარი სირთულე ჩვენს საქმეში პაციენტების პატრონები არიან. მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი. ამასთანავე სხვა სირთულეების გადაწყვეტა შეიძლება მაგ: წამლების გამოწერა, რეაქტივების ყიდვა და ტექნიკის საზღვარგარეთიდან ჩამოტანა, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანურ ფაქტორზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ეს კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა, რომელსაც ერთ საათზე მეტი დასჭირდება.
- რას ურჩევდით მომავალ ვეტერინარებს ?
დღესდღეობით ციფრული ტექნოლოგიების არსებობისას ჩვენ გვავიწყდება ჩვენი პაციენტების თვალებში ყურება. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენს ხელებში აღმოჩნდა ძალიან ბევრი საჭირო, არა საჭირო და ზოგჯერ საკმაოდ მავნე პროფესიონალური "პროთეზები". გაცილებით მეტად ვენდობით "ტესტის შედეგებს" ვიდრე პაციენტის ელემენტარულ გამოკვლევას და გვავიწყდება ერთი მარტივი წესი - რამე რომ ვიპოვოთ, უნდა ვიცოდეთ სად ვეძებოთ.
Comments