top of page

"სოლიდარობა ყველა დაუცველ ცხოველს!" - თიკო კვალიაშვილი


მშობლები ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ გაჭირვებულს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ და ავადმყოფებს შეძლებისდაგვარად გვერდში დავუდგეთ. ეს შეგონება, მხოლოდ ადამიანებზე არ ვრცელდება. ის ყველა სულიერი არსების თანადგომას გულისხმობს, ვისაც კი დასჭირდება. თიკო კვალიაშვილიც იმ ადამიანთაგანია, ვინც ცხოვრების ის გზა აირჩია, სადაც ჰუმანურობა, ერთგულება და გულწრფელობა ყოველდღიურობაა.

უბრალო საქმე არ არის რუბრიკა - #რინგოს რჩეული (Ringo’s Star) გახდე, ჩვენც ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივ, მეორეს მხრივ კი ძალიან კაშკაშა ადამიანებს ვირჩევთ, რათა შემდეგ ისინი თქვენ გაგაცნოთ.



- სალამი თიკო, გაეცანით ჩვენს მკითხველს. რას საქმიანობ, რა გიყვარს ყველაზე მეტად და რა არის ის ძალა, რაც გამოძრავებს?


გამარჯობა, მე ვარ თიკო კვალიაშვილი, პროფესიით მუსიკოსი. მიყვარს ცხოველები და მათზე ზრუნვა. გულწრფელად ვიტყოდი, რომ სწორედ ეს არსებები არიან ჩემი მამოძრავებლები და მორალურად გამაბედნიერებლები.



- რამდენი წლის ხარ და როდის დაარსე ჯგუფი: „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“? საიდან გაჩნდა იდეა და რამ გადაგაწყვეტინა მისი შექნა?


მე ვარ 30 წლის და 8 წლის წინ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში სრულიად შემთხვევით შევქმენი გვერდი სახელწოდებით ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი. თავიდან უბრალოდ ცხოველების შესახებ საინფორმაციო პოსტები იდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გვერდმა მათი გადარჩენა, რეაბილიტაცია და ახალი ოჯახების პოვნა აიღო საკუთარ თავზე. წლებთან ერთად მომწონებლები და გულშემატკივრებიც მოგვემატა და დღეს, თითქმის 55000-ზე მეტი მომწონებელი გვყავს. თითოეულით ძალიან ვამაყობ და მიყვარს. ამ გვერდზე ყველა ერთი დიდი ოჯახივით ვართ.



- შენი აზრით, რისი ან ვისი, რა გარემოების ბრალია ამდენი უპატრონო ძაღლის არსებობა ჩვენი ქალაქის ქუჩებში?


მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას ჩვენს ქვეყანაში და ამის მიზეზიც ვიცი. უმართავი გამრავლება და კანონის არარსებობა განაპირობებს ამ ყველაფერს, რაც აზარალებს ცხოველებს.


- შენი აზრით, როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა და რა გზებს ხედავ მის მოსაგვარებლად?


ვფიქრობ, რომ მიუსაფრების პრობლემას ჩვენს ქვეყანაში რაოდენობის მართვა, კარგი კანონი და მოსახლეობის თვითშეგნების ამაღლება მოაგვარებს. ამას კი სერიოზული მუშაობა და ბრძოლა სჭირდება, რაც ოდესმე იმედია შედეგს გამოიღებს.


- რამდენმა ძაღლმა იპოვა თბილი სახლი და მოსიყვარულე პატრონი, შენი ჯგუფის დახმარებით? (ცოტა სტატისტიკაზე რომ გვიამბო).


გვერდის დახმარებით სულ ცოტა 500-ზე მეტი ცხოველი გადარჩა, დაბინავდა ან იმაზე უკეთეს პირობებში მიეკედლა ტერიტორიას, ვიდრე იქამდე ცხოვრობდა. ამ ყველაფრის მისაღწევად უდიდესი რესურსი ჩაიდო და ძალიან ვამაყობ ამ შედეგით.



როგორია შენი 1 ჩვეულებრივი დღე?


ჩემი დღე, უმეტესად დაუგეგმავია. შეიძლება უცებ ქალაქიდან გაქცევა და რომელიმე გასაჭირში ჩავარდნილი ცხოველის დახმარება გახდეს საჭირო. უმეტესად ვიღვიძებ, ვწესრიგდები, ვაპურებ და ვაწესრიგებ ჩემს ცხოველებს. შემდგომ ვეცნობი გვერდზე მიღებულ წერილებს და ინფორმაციას.



თუ შეგიძლია გვიამბო ერთი ყველაზე სევდიანი ძაღლის ისტორია, რომელიც Happy End-ით დამთავრდა?


არცერთი ცხოველი არ მავიწყდება, რომელიც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილისგან ვიხსენი. განსაკუთრებით მიყვარს და ვამაყობ ძაღლ ლაქის ისტორიით. ლაქი სოფელ ნაფარეულში ვიპოვეთ. საკანალიზაციო არხში იწვა საფანტის ტყვიებით დაცხრილული. იმდენად საზარელ მდგომარეობაში ჰქონდა წინა ფეხები, რომ ამპუტაცია გახდა საჭირო. ბევრი ფიქრობდა, რომ უნდა დაგვეძინებინა, რადგან შეუძლებელი იყო ასეთი სირთულიდან გამოძრომა, თუმცა მოხდა სასწაული და ლაქი გადარჩა და გაჩუქდა უკარგეს ცხოველთა მოყვარულ მეგობარზე - თამუნა ქარუმიძეზე. განსაკუთრებით ვამაყობ რომ შანსი მივეცი ბრძოლის და გადარჩენის და ლაქი დღეს ცოცხალი ბედნიერი ძაღლია.


რა არის ყველაზე რთული შენს საქმიანობაში? რასთან გამკლავება გიჭირს ყველაზე მეტად? მაგრამ ამავდროულად რა გიბალანსებს და გაბედნიერებს შენს საქმიანობაში?


ამ სფეროში წარმატებული და შედეგიანი რომ იყო, რკინის ნერვებია საჭირო! ვთვლი, რომ ემოციებზე აყოლა ისევ და ისევ ცხოველს აზარალებს. ამიტომ ვცდილობ ცივი გონებით ვიმოქმედო და მაქსიმალური გავუკეთო ცხოველებს, რათა გადარჩნენ. შედეგიც შესაბამისია და მიხარია რომ მიუხედავად სირთულისა, ემოციების კონტროლი შემიძლია.



რა არის შენი დევიზი, რომელსაც ჩვენც გაგვიზიარებდი?

სოლიდარობა ყველა დაუცველ ცხოველს!

<3


bottom of page